ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლებს და გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები.
მელიამ თქვა, რომ შენობაში ვერავინ შევა და გამოვა, სანამ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები.
"ელბაქიძის დაღმართით ჩავალთ და გადავინაცვლებთ ცესკოსთან. იქ ხვალიდან არავინ უნდა შევიდეს და არავინ უნდა გამოვიდეს. ჟვანია სახლში უნდა წავიდეს. ეს არის გეგმის ერთი ნაწილი. ოპოზიციას აქვს გაწერილი გეგმა", - თქვა მელიამ.
ოპოზიციამ ქართულ ოცნებას 20:00 საათამდე მისცა დრო, გადაეყენებინა თამარ ჟვანია და დაენიშნა ხელახალი არჩევნები. ცესკოს პიკეტირების შესახებ განცხადება მელიამ სწორედ მოთხოვნის ვადის გასვლის შემდეგ გააკეთა.
მან თქვა ისიც, რომ მმართველი გუნდის წევრები "გამოვიდნენ კონტაქტზე. ეს კონტაქტი შედგა არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან".
როგორც მელია ამბობს, მათაგნ მხოლოდ ერთი პასუხი მიიღეს - "ხვალ იქნებ დაგელაპარაკოთო".
"მაშინ, როცა აქ დგას მთელი ერი, ხელისუფლება ვალდებულია, დღეს დაგველაპარაკოს. რეჟიმი, რომელსაც არ დაეჯერება არც ერთი სიტყვა, სანამ შეხვედრა არ შედგება, არც ერთ ჩვენგანს ჰიპოტეთური დაპირებისა არ სჯერა". - თქვა მან.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გაცხადებულ შედეგებს გაყალბებულს უწოდებს და აპროტესტებს. პარტიების მოთხოვნა არის ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება, ხელახალი არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.